"მოძრაობდა საგზაო წესების დარღვევით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა" - პროკურორი ბრალდებულ პოლიციელზე
ბაიკერის მძღოლის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულ პოლიციელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
როგორც პროკურორმა განაცხადა, პატრულ-ინსპექტორი მოძრაობის წესების დარღვევით გადაადგილდებოდა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია:
"დევნის ოპერაციაში, როდესაც თავდაპირველად შენიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, რომ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა გარდაცვლილი, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი და არ ემორჩილებოდა, ასე ვთქვათ, შუქნიშნის შესაბამის ნიშნებს, ამის შემდეგ დაიწყო დევნა. დევნის ოპერაციაში ჩართული იყო რამდენიმე ეკიპაჟი, 2 ამ შემთხვევაში და როდესაც შენიშნეს, რომ ეს ადამიანი უკვე აღარ იყო მათი თვალთახედვის არეალში, როგორც თავად განმარტავენ, ჩაუხვიეს ხუციშვილის ქუჩაზე, გადაკვეთეს ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი და სწორედ ამ დროს მოხდა შეჯახება. ამ ეტაპისთვის გამოვლენილი არის, რომ ამ შემთხვევაში ბრალდებული მოძრაობდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით და სწორედ ამან გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა," - განაცხადა პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა.