თსუ-ში პოლიტიკური რეპრესიები უკვე დაიწყო, ყოჩაღ თქვენ კოლეგებო, დაკვეთა შეასრულეთ? - რატომ გაუშვეს თსუ-დან პეტიციაზე ხელის მომწერი ლექტორი?
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ლექტორი, ისტორიის დოქტორი ქეთევან ქუთათელაძე გაათავისუფლეს. ინფორმაციას თავად ქუთათელაძე ავრცელებს და მომხდარს მის მიერ რუსული კანონის საწინააღმდეგო პეტიციაზე ხელმოწერას უკავშირებს.
"თსუ-ში პოლიტიკური რეპრესიები უკვე დაიწყო, ყოჩაღ თქვენ კოლეგებო, დაკვეთა შეასრულეთ? ვაკანტური ხდება ადგილი, რომელსაც 18 წელია ვიკავებ, რომლიდანაც რამდენჯერმე გაგდების მცდელობა საბოლოოდ, 2024 წელს შესრულდა. უბრალოდ მაინტერესებს კოლეგებო, არ გრცხვენიათ ჩემი, ან სტუდენტების, ვინც მე მიცნობს, ან თუნდაც ღმერთის? თითქმის 6 დღიანი ლოდინის შემდეგ მეტი ფანტაზია არ გეყოთ? რომ ასეთი უსირცხვილო ტყუილი დაგეწერათ. როგორი მარტივი ლოგიკაა, აქამდე ვაკმაყოფილებდი და ეხლა რა შეიცვალა? ასეთი ბრძანება მიიღეთ? პიროვნებას ავიწროებთ და ჩაგრავთ? 10 წლის წინ დაწყებული ამბავის ბოღმა ეხლა გასკდა? ჩემი თავისუფლება რომ ვერ გატეხეთ და ღირსება ფეხქვეშ რომ ვერ გათელეთ? რა ნამუსით აკნინებთ ჩემს პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას, არ გრცხვენიათ? იქეთ არის თსუ-ს სირცხვილი, რომ ჩემი კვალიფიკაციის ადამიანი ასისტენ-პროფესორის პოსტზე გაყინეს და წინ არ გაუშვეს, რატომ? სისტემას არ აწყობს და ალბათ იმიტომ, ხომ მეთანხმებით. ძვირფასო კომისიის წევრებო, მართლა გჯერათ, რომ ის სამარცხვინო ტყუილი, რაც შემაჯამებელ ოქმში წერია რელევანტურია? როგორ დაიცავთ ამ სამარცხვინო ტყუილს სასამართლოზე, თსუ-ს აპელაციის ფორმალურ პროცესს არ ვგულისხმობ. ბევრის გადმოსახედიდან „განაჩენი“ ჩემ თავს მაშინ გამოვუტანე, როცა 13 კაციანი კათედრიდან მარტო მე მოვაწერე ხელი ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ პეტიციას, ალბათ ეს ბოლო წვეთი იყო. როგორ ყალიბდებით - მუდმივმოქმედი კომისიები, ერთი-ორი ადამიანის შეცვლით, როდესაც თავმჯდომარე თავს არიდებს პასუხისმგებლობას და დაკვეთას ასრულებთ, უბრალოდ სირცხვილია. მთელი 18 წელია უკან მომყვება ფრაზები: „ვინ მოგიყვანა“, „საიდან მოხვედი“, „სირცხვილია შენი უნივერსიტეტში ყოფნა“, „გარედან მოსულო“, „ღორობაა შენის მხრიდან ასოცირებულის მოთხოვნა“, ამას კოლეგებისგან ვისმენდი, ერთი ადამიანი მთელს სისტემას შევები, ამას თსუ-ში ხომ არ პატიობენ. თითქოს აკადემიკოსობაზე ვიყრიდეთ კენჭს. რამდენჯერ მინახავს მეც და თქვენც, ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე მცირე რაოდენობის სამეცნიერო მონაცემებით, ზოგჯერ დოქტორის ხარისხის არ მქონე ხალხი გასულა, ვისაც მფარველი ჰყავდა. რატომ არ წერთ რაც მე ვისაუბრე სამეცნიერო სიახლეებზე, სილაბუსებზე (ძველი და ახალი), სამეცნიერო მიღწევების სასწავლო პროცესში ადაპტირებაზე. ხარვეზად იმას მითვლით და იმიტომ მსჯით, რომ “გ კატეგორიის“ თანამდებობის 614 ლარიანი ხელფასით (იანვრიდან 715) ევროკავშირის ქვეყნებში ვერ მივდიოდი? რომელ თქვენგანს გაქვთ ბერლინსა და პარიზში გამოცემული ნაშრომები? თუნდაც გამარჯვებულ კანდიდატებს? თბილისში ჩატარებული მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციები რატომ არ გაითვალისწინეთ, სადაც მრავალჯერ აბსოლუტურად ახალი კვლევები გავაჟღერე, რომლებზეც არც გამარჯვებული კანდიდატებიდან და არც თქვენგან, რატომღაც ბევრი მათგანი არ მინახავს დასწრებული, თუ აქ ჩატარებული არ ითვლება? როგორ ამბობთ ასეთ ტყუილს რომ „სასწავლო-სამეცნიერო აქტივობას ვერ ახერხებს“, როდესაც ჩემ სიტუაციაში მყოფი ადამიანი იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე რამდენიმე კაცი ერთად აღებული. რამდენ კანდიდატს აქვს აბსოლუტურად ახალი მოსაზრებები, რომელიც უნდა დამკვიდრდეს ისტორიოგრაფიაში, ამ კუთხით რაც გასაუბრებაზე ვთქვი სამეცნიერო სიახლეები, რატომ არ ახსენებთ? წინასწარ შეთანხმებულად გამარჯვებული კანდიდატების მსგავსად, რატომ არ მიწერთ, „რომ ის უკვე იკავებდა საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას და ჩართულია საკონკურსო პროფილის სასწავლო კურსების განხორციელებაში. კარგად იცნობს ვაკანსიის პროფილს, მის მიერ შესაძლო წასაკითხ სასწავლო დისციპლინებში ასახელებს საგნებს, რომელიც მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებშია შეტანილი და თავად აქვს აღნიშნული სასწავლო კურსების სილაბუსების შედგენისა და წაკითხვის გამოცდილება“ - ეს სეგმენტი ჩემთან მიმართებით რატომ არ არის აღნიშნული? ამ კითხვას სასამართლოზეც დაგისმევთ. ეს ყველაფერი ხომ დასტურია იმისა, რომ ჩემთან მიმართებით გზის ბოლო დამთავრდა და ანგარიში გამისწორეს, თქვენი ხელით თქვენზე ზემდგომებმა. ჩემი რეპუტაციის შეურაცხყოფისთვის, ტყუილის გავრცელებისთვის და ჩემი უფლებების შელახვისთვის, ინდივიდუალურად ყველას პასუხი მოგეთხოვებათ. იმ ყალბ და ფარისევლურ გარემოში, რაც თსუ-შია, მხოლოდ სტუდენტებთან ურთიერთობა მაძლევდა ძალას, ბედნიერი ვარ, რომ მათგან უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მოდიოდა, რაც მიათკეცებდა ძალას და პასუხისმგებლობას. ამ საქმეში ჩართულ არც ერთ პირს არც ამ სტუდენტების შეგრცხვებათ. ამ სცენარს განვიხილავდი, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ ჩემ სახეს და თავისუფლებას ვინარჩუნებ, რასაც სამწუხაროდ, თქვენზე ვერ ვიტყვი. წინასწარ გადაწყვეტილი კონკურსის შედეგი ცალკე თემაა, მაგრამ იცოდეთ, სადაც არ უნდა ვიყო, სამეცნიერო სივრცეში მე ჩემ სათქმელს ყოველთვის ვიტყვი, მაგრამ არავის მივცემ უფლებას, რომ ჩემი პროფესიული ღირსება ვინმემ შეურაცხყოს. ამ კონკურსის გადაწყვეტილება ჩემთან მიმართებით თსუ-ს სისუსტეზე მიანიშნებს და ერთგვარი განაჩენია ერთი პიროვნების მიმართ, რომელიც არასოდეს იქნება ანტიმეცნიერული და ანტისახელმწიფოებრივი პლატფორმის გამზიარებელი." წერს ქეთევან ქუთათელაძე.