"ვინ ხარ, რა გინდაო - ამას უცბად მოჰყვა იარაღის სროლის ხმა და მორჩა..." - 9-წლიანი ძებნის შემდეგ ნაპოვნი ქილერი და ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის ახალი დეტალები (ვიდეო)
საქართველოს ახლად არჩეული გენერალური პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, თურქეთში, ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირი დააკავეს. ამ ეტაპზე საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ხარძიანის მკვლელობაში მხილებულნი არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ფარიდ გურბანოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი.
ბესიკ ხარძიანის მკვლელობის ახალ დეტალებზე კურიერი P.S. საუბრობს. ქილერის ექსტრადირების შესახებ კომენტარს აკეთებს მოკლული ბიზნესმენის შვილი ქეთა ხარძიანიც:
“ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია. სიხარულთან ერთად სტრესი იყო იმის გაგება, რომ მამაჩემის მკვლელი დაკავებულია.
სამსახურიდან ბრუნდებოდა, უნდა ესადილა. სადარბაზოში შემოვიდა, დაახლოებით 10 კიბე გაიარა და მე-12-ე, მე-13-ე კიბეზე უკვე ესროლა.
ვინა ხარ, რა გინდაო - ეს სიტყვები გაიგონა დედაჩემმა, მამაჩემის ხმა იყო. ამას უცბად მოჰყვა იარაღის სროლის ხმა და მორჩა, მეტი ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო. შემჩეული გვყავდა. მამაჩემსაც ჰყავდა, თუმცა რეალური საფრთხის აღქმა არ გვქონდა. წინა დღეს მეც შემჩნეული მყავს მკვლელი მოტოციკლზე, ჩაფხუტით“, - იხსენებს ქეთა ხარძიანი.
შეგახსენებთ, რომ ბესიკ ხარძიანი 2015 წლის 28 მარტს, 13:43 საათზე, საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს. საქმე რამდენიმე თვის შემდგომ გაიხსნა. ბიზნესმენის მკვლელობის მოტივად ბიზნესდავა დასახელდა.
მანამდე, ბიზნესმენი 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და პატიმრობიდან 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. ხარძიანი ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში მას კუს ტბის წილები ზეწოლით დაათმობინეს.