ისრაელი აშშ-ის ძლიერ მოკავშირედ დარჩება, მიუხედავად იმისა, თუ ვის აირჩევენ მომავალ პრეზიდენტად - ნეთანიაჰუ
ისრაელი აშშ-ის ძლიერ მოკავშირედ დარჩება ახლო აღმოსავლეთში, მიუხედავად იმისა, თუ ვის აირჩევენ პრეზიდენტად ნოემბერში, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში გაფრენამდე განაცხადა, სადაც ის კონგრესის წინაშე სიტყვით წარდგება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
"მე ჩემს მეგობრებს ორივე მხარეს ვეტყვი, რომ, იმის მიუხედავად, თუ ვის აირჩევს ამერიკელი ხალხი მომავალ პრეზიდენტად, ისრაელი რჩება ამერიკის შეუცვლელ და ძლიერ მოკავშირედ ახლო აღმოსავლეთში. ამ ომისა და გაურკვევლობის დროს მნიშვნელოვანია, ისრაელის მტრებმა იცოდნენ, რომ აშშ და ისრაელი ერთად დგანან დღეს, ხვალ და ყოველთვის“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ სურს, „დაამყაროს ორპარტიულ მხარდაჭერა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ისრაელისთვის“.
ამასთან, ისრაელის პრემიერმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მადლობას გადაუხდის იმ ყველაფრისთვის, რაც მან მისი კარიერის განმავლობაში ისრაელისთვის გააკეთა და მასთან ერთად განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ღაზაში მყოფი ისრაელელი მძევლების გათავისუფლების უზრუნველყოფა, პალესტინური ისლამისტური დაჯგუფების - „ჰამასის“ - დამარცხება და ირანთან და რეგიონში მის მარიონეტებთან დაპირისპირება.
მედიის ცნობით, ნეთანიაჰუსა და ბაიდენის შეხვედრა 23 ივლისსაა დაგეგმილი, ხოლო ისრაელის პრემიერის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლა - 24 ივლისს.