ტრამპის მკვლელობის მცდელობა საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩავარდნა იყო - აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტში საიდუმლო სამსახურის დირექტორის კიმბერლი ჩიტლის მოსმენა მიმდინარეობს.
კონგრესმენები საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელს 13 ივლისს, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბათლერში პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლისას განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შეკითხვებს უსვამენ.
კონგრესმენები ცდილობენ, დაადგინონ, მიზეზი, რის გამოც საიდუმლო სამსახურმა ექსპრეზიდენტის სათანადო დაცვა ვერ შეძლო.
სხდომის დაწყებისას კიმბერლი ჩიტლმა კონგრესმენებს სიტყვით მიმართა. ჩიტლის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა მსგავსი მომავალში აღარ განმეორდეს.
„მე ვამაყობ იმ ქმედებებით, რომელიც განხორციელდა ყოფილი პრეზიდენტის დაცვისა და სნაიპერთა ჯგუფის მიერ, რომლებმაც გაანეიტრალეს შეიარაღებული პირი“, - აღნიშნა საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა.
დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა 13 ივლისს, პენსილვანიაში, ქალაქ ბატლერში მოხდა. ტრამპს რამდენჯერმე ესროლეს, ერთმა ტყვია პოლიტიკოს ყურში მოხვდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, ორი კი დაიჭრა. 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსი, რომელმაც ტრამპს ესროლა, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა მოკლა.