ტრამპზე თავდასხმამდე მეთიუ კრუკსი ქეით მიდლტონის შესახებ ინფორმაციას ეძებდა
დონალდ ტრამპზე თავდასხმის წინ 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი ინტერნეტში უელსის პრინცესა ქეით მიდლტონის შესახებ ინფორმაციას ეძებდა. სანამ პენსილვანიაში წავიდოდა, მან მობილურ ტელეფონზე ქეიტის რამდენიმე ფოტო ატვირთა - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ეროვნული საზოგადოებრივი რადიო (NPR) ავრცელებს.
FBI-მ კრუკსის ორი ტელეფონი და ლეპტოპი შეისწავლა და დონალდ ტრამპთან, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, FBI-ის დირექტორ კრისტოფერ რეითან, აშშ-ს გენერალურ პროკურორთან მერიკ გარლანდისთან და უელსის პრინცესა ქეით მიდლტონთან დაკავშირებული საძიებო კითხვები აღმოაჩინა.
ქეით მიდლტონის ფოტოების გარდა, კრუკსმა ტელეფონში ტრამპისა და ბაიდენის სურათები შეინახა.
მკვლელობის მცდელობის შემდეგ ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ ტრამპს მხარდაჭერის წერილი გაუგზავნა. ცნობილია, რომ 1994 თავდამსხმელის ტყვიას ბრიტანეთის მეფეც გადაურჩა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ უელსის პრინცის ტიტულს ატარებდა. ტახტის მემკვიდრე სიდნეის პარკში სიტყვით გამოდიოდა, როდესაც 23 წლის სტუდენტი სცენის წინ მდებარე პატარა მოაჯირს გადაახტა და პრინცისთვის ცეცხლის გახსნა სცადა. მომავალი მეფე არ დაშავებულა. ბევრმა აღნიშნა, რომ პრინცმა ასეთ საშიშ ვითარებაში სიმშვიიდის შენარჩუნება მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს, პენსილვანიაში, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. ექსპრეზიდენტი ყურში დაიჭრა. კრუკსი საიდუმლო სამსახურმა ადგილზე მოკლა.