როგორ დაალაგებს ხელისუფლება ტრამპთან ურთიერთობას, როდესაც ჩინეთის მიერ საქართველოს ეკონომიკურად გადაყლაპვის პროცესს ვხედავთ - ზურაბ ჭიაბერაშვილი
როგორ დაალაგებს ხელისუფლება ტრამპთან ურთიერთობას, როდესაც ჩვენ ვხედავთ პრაქტიკულად ჩინეთის მიერ საქართველოს ეკონომიკურად გადაყლაპვის პროცესს - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აშშ-ში მოახლოებულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
„საქართველოს ჰყავს ხელოვნური ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება. არცერთი ხელისუფლება არ ერევა სხვა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის შიდა პოლიტიკურ საქმეებში და არ აკეთებს პრეფერენციას, ვისი გამარჯვება ურჩევნია. ყველა ამბობს, რომ ვინც არ უნდა იყოს თეთრ სახლში, იმედს იქონიებენ, რომ ამერიკის ადმინისტრაცია გააგრძელებს იმ ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერებას, რაც ამერიკას ევროპასთან და ჩვენს რეგიონთან აკავშირებს. „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ღიმილის მომგვრელი იქნებოდა, სასწორზე რომ არ იდოს ჩვენი ქვეყნის ბედი ასეთი გააზრებულად მავნებლური პოლიტიკის გამო, რაც ხელისუფლებას აქვს. დასავლელი პარტნიორები, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ურთიერთობას ინარჩუნებენ ქართველ ხალხთან და ისევე გააგრძელებენ პარტნიორობას, როგორც იყვნენ ჩვენი პარტნიორები გასული 33 წლის განმავლობაში, მაგრამ „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობის გადატვირთვის ყველა რესურსი ამოწურული აქვთ.
ჩვენ ვიცით, რომ დონალდ ტრამპის მნიშვნელოვანი პროგრამული ნაწილი და მთავარი ამოცანა არის ჩინეთის გავლენების შეკავება მთელს მსოფლიოში და როგორ წარმოგვიდგენია, „ქართულმა ოცნებამ“ როგორ უნდა დაალაგოს ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციასთან, თუ ტრამპი გახდება პრეზიდენტი. როგორ დაალაგებს მასთან ურთიერთობას, როდესაც ჩვენ ვხედავთ პრაქტიკულად ჩინეთის მიერ საქართველოს ეკონომიკურად გადაყლაპვის პროცესს“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.