ყაბარდო-ბალყარეთში რუსეთის ჰიმნზე ფეხზე არ ადგომის გამო 8 ადამიანი დააჯარიმეს
ყაბარდო-ბალყარეთის ქალაქ ნალჩიკში სამი ათასი რუბლით დააჯარიმეს სკოლის მოსწავლეების 8 მშობელი, რომლებიც სკოლის ღონისძიებაზე რუსეთის ჰიმნის შესრულების დროს ფეხზე არ ადგნენ.
რუსეთის სახელმწიფო მედია ТАСС-ის ცნობით, დაჯარიმებული პირები რუსეთის სახელმწიფო სიმბოლოების ოფიციალური გამოყენების წესის შესახებ ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევაში ცნეს დამნაშავედ.
ივლისის დასაწყისში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ნალჩიკის 33-ე სკოლის ზეიმის ვიდეო. კადრებში ჩანს რამდენიმე ადამიანი, რომელიც რუსეთის ჰიმნის საზეიმო შესრულების დროს ფეხზე არ დგას, ზოგიერთი კი ტელეფონში იყურება. გავრცელებული ვიდეო სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ანდრეი კარტაპოლოვმა ნახა. მისი თქმით, მომხდარის განსახილველად ის „შესაბამის ორგანოებს“ შეფასებისა და პროცედურული გადაწყვეტილების მიღების მიზნით დაუკავშირდა.