თეგებით ძიება

“უცხოური აგენტების” კანონმა საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობები შეწყვიტა, ეს ქმედებები სახეში აფურთხებს ქართველ ხალხს - კონგრესმენი ტომ კინი

კონგრესმენმა ტომ კინმა (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წლის არჩევნებამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გამართულ მოსმენაზე “ქართული ოცნების” ბოლო ქმედებებს იმედგამაცრუებელი უწოდა.

“შავი ზღვის მეორე მხარეს, საქართველო, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ძალიან განსხვავებულ გზას გაყვა, ვიდრე მოლდოვა. მას შემდეგ, რაც საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქართველმა ხალხმა მტკიცედ აჩვენა, რომ სურდა კორუფციის აღმოფხვრა, ქვეყნის საბჭოური წარსულის გადაგდება, აშშ-სა და ევროპასთან უფრო ახლო ურთიერთობების დამყარება.

ქართველები იბრძოდნენ და სისხლის დაღვარეს არა მხოლოდ 2008 წელს რუსეთის აგრესიული ომისგან საკუთარი ქვეყნის დასაცავად, არამედ ამერიკელი ჯარისკაცების გვერდითაც. საქართველო ნატო-ს არაწევრი ქვეყანა იყო, რომელმაც ჯარისკაცები გაგზავნა ავღანეთში.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის - “ქართული ოცნების” - ბოლო ქმედებები ამდენად იმედგამაცრუებელია. ბოლო წლებში “ქართულმა ოცნებამ” დაუშვა, რომ მომხდარიყო მავნე ელემენტებით მისი ინფილტრაცია, დაიწყო დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმები, რუსეთსა და ჩინეთთან უფრო ახლო ურთიერთობების ძიება”, - განაცხადა კინმა.

მისი თქმით, “უცხოური აგენტების” კანონის მიღებით საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობები შეწყდა და ეს ქმედებები ქართველი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა.

“მაისში საქართველოს მთავრობამ ე.წ. “უცხოური აგენტების” კანონი მიიღო საქართველოს დასავლელი პარტნიორების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მათ შორის წერილის, რომელიც თავმჯდომარე მაკკოლმა [რესპუბლიკური პარტია] და ერთ-ერთმა ლიდერმა, მიკსმა [დემოკრატიული პარტია] შეადგინეს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ მე და ბევრმა ჩემმა კოლეგამ აქ.

არ შეგეშალოთ, საქართველოს “უცხოური აგენტების” კანონმა საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობები შეწყვიტა. ეს ქმედებები საქართველოს ათწლეულების განმავლობაში დიდ ბრძოლაში მოპოვებული პროგრესის შემოტრიალების საფრთხეს ქმნის და სახეში აფურთხებს ქართველ ხალხს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს”, - განაცხა კინმა.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა