დიდი ბრიტანეთის პოლიცია აცხადებს, რომ ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობამ ეპიდემიის დონეს მიაღწია - Associated press
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობამ ეპიდემიის დონეს მიაღწია და მას განიხილავს, როგორც ტერორიზმის მსგავსი მასშტაბის საფრთხეს. ამის შესახებ Associated press-ი იტყობინება.
მოხსენებაში, რომელიც შედგენილია ეროვნული პოლიციის მეთაურთა საბჭოს მიერ, ნათქვამია, რომ პოლიციამ 2022-23 წლებში დააფიქსირა ერთ მილიონზე მეტი ძალადობრივი დანაშაული ქალებისა და გოგონების მიმართ, რაც ყველა დაფიქსირებული დანაშაულის მეხუთედს შეადგენს.
ამასთან, სამართალდამცველების თქმით, ამავე პერიოდში ყოველი მეექვსე მკვლელობა ოჯახში ძალადობას უკავშირდებოდა.
„ყოველწლიურად ყოველი 12 ქალიდან ერთი არის დანაშაულის მსხვერპლი, მათ შორის გაუპატიურება, თვალთვალი, შევიწროება ან სექსუალური ძალადობა ინტერნეტით“, ნათქვამია მოხსენებაში.
უფრო მეტიც, ზუსტი მაჩვენებელი შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს იმის გამო, რომ ყველა დანაშაული არ არის დაფიქსირებული.
„ჩვენ უნდა წავიდეთ წინ, როგორც საზოგადოება, რათა შევცვალოთ სიტუაცია და აღარ მივიღოთ ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ, - ამბობს პოლიციის უფროსი ოფიცერი მეგი ბლაიტი.
ბლაიტმა დასძინა, რომ მონაცემები გამაოგნებელი იყო და ყოველწლიურად იზრდებოდა მასშტაბებითა და სირთულეებით.