"არ მჩვევია პოსტების წერა და არც შემიძლია ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, უბრალოდ, მინდა ხალხმა იცოდეს" - ვარკეთილში მოკლული 19 წლის ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს
ვარკეთილში მოკლული 19 წლის შაკო ისაევის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
"არ მჩვევია პოსტების წერა და არც შემიძლია ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, უბრალოდ, მინდა ხალხმა იცოდეს, თუ როგორი წარმატებული, განსაკუთრებული, კეთილსინდისიერი და მზრუნველი შვილი წამართვეს ნაძირლებმა.
საავიაციო უნივერსიტეტის გრანტიანი სტუდენტი, რომელსაც თავისი საქმე ისე უყვარდა, რომ სამსახურიც საავიაციო კომპანიაში, "ჯორჯიან აირვეისში" დაიწყო.
ჩემი შვილი, რომელსაც ქუჩასთან შეხება არასდროს ჰქონია, ქუჩური მენტალიტეტის მიმდევრებმა შეიწირეს.
იმედი მაქვს ღმერთის და კანონის უზენაესობის.
მინდა, მივმართო არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველის აპარატს, თვალი ადევნონ საქმის მიმდინარეობას, რათა დამნაშავეები კანონის მაქსიმალური სიმკაცრით დაისაჯონ.
ეს შემთხვევა ყოფილიყოს მაგალითი ყველასთვის, რომ აღარც ერთმა დედამ არ ნახოს ის სიმწარე, რასაც მე ახლა გავდივარ"...
ცნობისთვის, ვარკეთილში ფიზიკური ანგარიშსწორებისას დაშავებული 19 წლის ახალგაზრდა მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. შაკო ისაევის გადარჩენას ექიმები 15 ივნისიდან მოყოლებული ცდილობდნენ. ახალგაზრდა კლინიკაში თავის უმძიმესი ტრავმით შეიყვანეს, რომელიც ახალგაზრდამ ვარკეთილში, ქუჩური გარჩევის დროს მიიღო.
ჯგუფური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.