სტუდენტებმა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ინტელექტუალური საკუთრების შესახებ სწავლება საქპატენტის სასწავლო ცენტრში გაიარეს
ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ინტელექტუალური საკუთრების შესახებ სწავლება საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრში გაიარეს. ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2016 წლიდან „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოსა“ (ELSA Georgia) და საქპატენტის თანამშრომლობით ყოველწლიურად ხორციელდება და მასში მონაწილეობა მიღებული აქვს 200-ზე მეტ სტუდენტს ევროკავშირის სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტიდან.
საქპატენტის ინფორმაციით, საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებიც აკადემიური პროგრამის ფარგლებში საქართველოს მაგალითზე ინტელექტუალური საკუთრების სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს ეცნობიან. სწავლების მიზანია ინტელექტუალური საკუთრების სფეროთი სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების დაინტერესება და მათთვის საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სისტემის გაცნობა.
2024 წლის საერთაშორისო სწავლებაში, რომელიც კვლავ „ელსა საქართველოს“ ორგანიზებით და საქპატენტის მხარდაჭერით ჩატარდა, 19 სტუდენტი მონაწილეობდა ჩეხეთის, გერმანიის, ბელგიის, ესტონეთის, ფინეთის, იტალიის, უნგრეთის, ავსტრიის, ირლანდიის, უკრაინისა და ნორვეგიის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.
სამართლის სკოლის დახურვის ცერემონიალი საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჩიქოვანმა მიმართა და სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა. საუბრისას მან აღნიშნა, რომ ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში ინტელექტუალური საკუთრება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში, ასევე, მისი თქმით, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა დარგის განვითარების პროცესში აუცილებლობას წარმოადგენს. ნინო ჩიქოვანმა საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულებს ღონისძიების დასასრულს სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ 5-დღიანი აკადემიური პროგრამის ფარგლებში ევროპელმა სტუდენტებმა გაიარეს სპეციალიზებული პროგრამა ინტელექტუალური საკუთრების სისტემის შესახებ, რომელიც მოიცავდა ინტელექტუალური საკუთრების ცალკეული ობიექტების, სამართლებრივი დაცვის მექანიზმებისა და საერთაშორისო რეგისტრაციის პირობების გაცნობას. საქართველოს მაგალითზე დაყრდნობით ლექციებზე განიხილეს ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და აღსრულების ინსტრუმენტები, იმსჯელეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებზე, მათთან დაკავშირებულ შეზღუდვებსა თუ გამონაკლისებზე. შეხვედრებზე მიმოიხილეს, ასევე, სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლები, ნიშნების აღრევამდე მსგავსება და სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის პრაქტიკული სავარჯიშოები საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნების გამოყენებით. ასევე, პროგრამის მონაწილეებმა განიხილეს დიზაინის დაცვის ფარგლები და მისი რეგისტრაციის პროცედურები, გაეცნენ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სპეციფიკას. გარდა ამისა, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია გამოგონებისა და სასარგებლო მოდელების შესახებ, პატენტიდან გამომდინარე ექსკლუზიური უფლებების დარღვევასა და აღსრულების მექანიზმებზე. აგრეთვე, დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს თანამედროვე სამყაროში ინოვაციების მნიშვნელობაზე.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციიდან (WIPO) სპეციალურად მოწვეულმა მომხსენებელმა საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გააცნო ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ასპექტები და WIPO-ს მანდატი ინტელექტუალური საკუთრების გლობალური პოლიტიკის ფორმირების პროცესში.
საზაფხულო სამართლის სკოლის პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ეწვივნენ სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), სადაც მიიღეს ვრცელი ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობისა და მიზნების შესახებ. გარდა ამისა, სტუდენტებმა მოინახულეს სსიპ შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“, სადაც გაეცნენ საბაჟო დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას, საბაჟო პროცედურებს და კონტრაფაქციასთან ბრძოლის მეთოდებს, ასევე საქმიანობის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მექანიზმებს.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში სწავლებას უძღვებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) მიერ აკრედიტებული საქპატენტის ტრენერები და მოწვეული ტუტორები.