აქციაზე ნაცემი ამერიკელი ტედ ჯონასი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა საქართველოში მცხოვრები ამერიკელი იურისტის, ტედ ჯონასის საქმის განხილვა. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ნაცემი ჯონასი 2 000 ლარით დააჯარიმა.
ტედ ჯონასის ადვოკატმა, სანდრო ბარამიძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამართალდამრღვევად ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).
„ფაქტია, რომ რაიმე ხელშესახები მტკიცებულება საქმეში არ დევს, უფრო მეტიც, ჩვენ პოლიციელები ვამხილეთ აშკარა ტყუილში“, - დაამატა ბარამიძემ.
სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, ტედ ჯონასი გადაწყვეტილების თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.