ვის მიიჩნევს ლაშა ტალახაძე მთავარ კონკურენტად - რას ამბობს ძალოსანი?
ორგზის ოლიმპიური და შვიდგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე "რუსთავი 2"-ის ეთერში აცხადებს, რომ პარიზის ოლიმპიადისთვის "თავდაუზოგავად ემზადება".
ოლიმპიადის წინ, სპორტსმენთან ინტერვიუ ლაშა დვალიშვილმა ჩაწერა.
- ბოლო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირი გამოტოვე. დღეს როგორ ემზადები ოლიმპიური თამაშებისთვის?
ლაშა ტალახაძე: - მომიწია ტრავმის გამო გამოტოვება ევროპის ჩემპიონატის, რაც ფსიქოლოგიურად მეტ-ნაკლებად რთული იყო იქიდან გამომდინარე, რომ 7-ჯერ გავხდი ევროპის ჩემპიონი ზედიზედ და მერვედ მომიწია დათმობა ამ ტიტულის ტრავმიდან გამომდინარე. ახლა წინ მეტად საპასუხისმგებლო შეჯიბრი გვაქვს, პარიზის ოლიმპიური თამაშები. ვემზადებით თავდაუზოგავად, 10 აგვისტოს ვასპარეზობთ, თავსაც ვუფრთხილდებით, კარგ ფორმაშიც ვართ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მესამედ შევინარჩუნოთ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჩემი კარიერისთვის და ვუახლოვდები დასახულ გეგმებს.
ყველა სპორტს ახლავს სირთულეები, თავისი ტრავმები და როდესაც გინდა დაიპყრო მწვერვალები, ამისთვისაც მზად უნდა იყო და ბოლო წლებია მიწევს ამასთან შეგუება, მაგრამ ფსიქოლოგიურად ვუძალიანდები ტკივილს და მეტი ჟინით მივდივარ.
- რამდენად მნიშვნელოვანია შენი შვილების და ოჯახის როლი მზადების პერიოდში, ფსიქოლოგიური ტრავმების გადალახვაში?
ლაშა ტალახაძე: - ბოლო ოლიმპიადის სამზადისის პერიოდში ახლოს მყავს ჩემი შვილები და კარგი ვარჯიშის შემდეგ, 1-2 საათიანი განტვირთვა მათ გვერდით ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება არის. რამდენიმე დღის წინ შემახსენა გიორგიმ (მთავარი მწვრთნელი), ერთი ოლიმპიადა პირველ შვილს მიუძღვენიო, მეორე - მეორესო და მესამე ოლიმპიადა მესამე შვილს უნდა მიუძღვნაო და ეს კარგი სტიმულია.
ახლა მესამე ოლიმპიადაზე ყველაზე მეტად ვნერვიულობ. ასაკიც მომემატა, გამოცდილება დიდი მაქვს, მაგრამ პასუხისმგებლობაც დიდი მაქვს, ყველა რომ გამარჯვებას ელოდება შენგან და საკუთარი თავისგან მეც მაქსიმუმს მოვითხოვ, ფსიქოლოგიურად გთრგუნავს ეს ყველაფერი, მაგრამ ვიცი, რომ ეს ყველაფერი დამეხმარება, რომ იქ მაქსიმუმი გავაკეთო და გამარჯვებული დავბრუნდე საქართველოში.
- ვის მიიჩნევ ყველაზე დიდ კონკურენტად?
ლაშა ტალახაძე: - ხუთეულს ვიტყვი, ვისაც რეალური შანსი გვაქვს, რომ პირველი სამი ადგილისთვის ვიბრძოლოთ - მე, გორ მინასიანი, ვარაზდატ ლალაიანი, ასევე ერთი სირიელი და ერთი ირანელი სპორტსმენი. მათთან მექნება მთავარი ბრძოლა. ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ 10 აგვისტომდე, რომ ლაშა ტალახაძე მორიგი ოლიმპიური ოქროს მედლით დაბრუნდეს საქართველოში.