სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიადის გახსნით ღონისძიებაზე დასასწრებად გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში, ოლიმპიადის გახსნით ღონისძიებაზე დასასწრებად, სამუშაო ვიზიტით დღეს გაემგზავრა - ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს:
"ოლიმპიადის გახსნამდე საქართველოს პრეზიდენტი დღეს, ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო ლიდერებსა და მთავრობის მეთაურებთან ერთად, სპორტის სამიტს დაესწრება, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის მიერაა ორგანიზებული და რომელიც 500-მდე მონაწილეს უმასპინძლებს, მათ შორის სპორტსმენებს და სპორტული მოძრაობის წარმომადგენლებს.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი „პარიზი - 2024" ოლიმპიური თამაშებში მონაწილე ქვეყნების პატივსაცემად გამართულ გალა ვახშამს დაესწრება, რომელიც ლუვრში გაიმართება.
„პარიზი - 2024“ ოლიმპიადაზე 28 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ისტორიაში ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი." ნათქვამია ინფორმაციაში.
ოლიმპიური თამაშები ხვალ, 26 ივლისს იხსნება.