ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სუსში იმედა იმედაშვილი იკითხება
ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების და შეთქმულების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვები გრძელდება. „იმედინიუსის“ ინფორმაციით, ამ წუთებში სუსში იმყოფება ბიზნესმენი იმედა იმედაშვილი. უწყებაში შესვლამდე მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
საქმე გრიფირებულია, რის გამოც კონკრეტული დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა, სუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.