"22 ივლისს გამოვიდნენ კონტაქტზე, თქვეს, რომ გზა აებნათ" - ახალი ინფორმაცია სვანეთში დაკარგულ ბიჭებზე
მეორე დღეა, სვანეთში ორ დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძებნა-შველის ოპერაციას მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო-სამაშველო ძალებისა და დრონების საშუალებით ახორციელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამ ეტაპზე, მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვერ ხერხდება სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა.
ამავე განცხადების თანახმად, 112-ში ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 24 ივლისს შევიდა, რის შემდეგაც ძებნა-შველის ოპერაცია დაიწყო.
"კურიერი" დღეს ერთ-ერთი დაკარგული ახალგაზრდის ნათესავს დაუკავშირდა. ანა წერედიანი ამბობს, რომ დაკარგულებთან ბოლო სატელეფონო კონტაქტი 22 ივლისს შედგა, მას მერე კი მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
"დაიძრნენ სოფელ ნაკიფარიდან, ანუ ზემო სვანეთიდან ქვემო სვანეთის მიმართულებით. დაახლოებით, ერთი დღის საფეხმავლო გზაა. 22 ივლისს გამოვიდნენ კონტაქტზე. თქვეს, რომ გზა აებნათ, ამიტომ დააგვიანეს, უკვე გამოაგნეს გზას და მალე იქნებოდნენ, მაგრამ იმის მერე არ მოსულან. კონტაქტზე არ არიან, ერთი და მეორე მხრიდანაც აიარეს ადგილობრივებმა, მაგრამ კვალი არსად არ არის, არც სამაშველოა კვალზე გასული", - განაცხადა ანა წერედიანმა.
ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა მესტიის მერმაც. მისი თქმით, მეხანძრე-მაშველების გარდა, ორი პირის სამძებრო სამუშაოებში, ადგილობრივებიც ჩაერთნენ.
"ჩართულია სამძებრო-სამაშველო სამსახური. ველოდებოდით ამინდის გამოსვლას. სამწუხაროდ, მაღალ მთაზე ვერტმფრენის მიღწევადობა შეუძლებელია, რადგან ბურუსი იყო, რაც ხილვადობას ზღუდავს. მოსახლეობისა და ჩვენი მხრიდან, ვინც მონადირეები არიან, იცნობენ გარემოს და ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლიათ, იქნა გადაწყვეტილება მიღებული, დამატებით სამძებრო სამუშაოებში ჩართულიყვნენ", - განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.