თეგებით ძიება

მსხვერპლმა მკვლელის დასახელება მოასწრო - კახეთში, ნათლიამ ნათლულის მამა და თანასოფლელი მოკლა

ძებნის ოპერაცია მასშტაბურია - პოლიციის დანაყოფები მკვლელობაში ეჭვმიტანილს, ერთდროულად, რამდენიმე სოფელში ეძებენ, მათ შორის - ნაფარეულში - დაახლოებით 10 კილომეტრში ლალისყურიდან, სოფლიდან, სადაც მძიმე დანაშაული მოხდა. ადგილობრივ მოსახლეობაში განიხილება ვერსია, რომ შესაძლოა, ძებნილი პირი თუშეთის მიმართულებით გადაადგილდებოდეს.

30 წლის თაზო წიქარაძე ერთადერთი ეჭვმიტანილია 52 წლის თანასოფლელის - კახაბერ ზათიაშვილისა და 29 წლის არჩილ გაწირიძის მკვლელობაში. ეს უკანასკნელი მისი მეზობელი და ბავშვობის მეგობარი იყო. მეტიც, წიქარაძე გაწირიძის მეჯვარე და ბავშვის ნათლიაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დაღუპულების ახლობლებსა და სოფლის მცხოვრებლებს უჭირთ, ახსნან, რა გახდა იმგვარი დაპირისპირების მიზეზი, რომ საქმე მკვლელობამდე მივიდა.

სოფელ ლალისყურში, "კურიერს" უყვებიან, რომ არჩილ გაწირიძეს, მძიმე ჭრილობების მიუხედავად, გარკვეული დროის განმავლობაში, გონება არ დაუკარგავს და კონტაქტური იყო. ამავე მონაყოლით, ირკვევა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - მსხვერპლმა მოასწრო და პოლიციას უთხრა, თუ ვინ ესროლა. დიდი ალბათობით, სამართალდამცველებმა ინფორმაცია უშუალოდ კონფლიქტის წინაპირობების შესახებაც მიიღეს.

საქმეში ორი იარაღი ფიგურირებს. არ არის გამორიცხული, რომ მიმალვაში მყოფი თამაზ წიქარაძე შეიარაღებული იყოს, ამიტომ, სამძებრო მოქმედებებისთვის, განსაკუთრებული მობილიზებაა. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით არის დაწყებული.

წყარო: რუსთავი 2


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა