ვინ არის „გლობალური ომის პარტია“? - ვიღაცები ბნელ ოთახში, სახე არ უჩანთ და მსოფლიოს მართავენ, ეს ლოგიკურია? - ლაშა ტუღუში
სერიოზულ საზოგადოებაში ეს რომ ვინმემ თქვას, დასცინებენ - „ლიბერალური აკადემიის“ თავმჯდომარემ ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ „გლობალური ომის პარტიასთან“ დაკავშირებული განცხადებების თაობაზე განაცხადა.
„მოდი, შევხედოთ, როგორი ტიპის ფორმულირებაა ეს ე.წ. გლობალური ომის პარტია და შეთქმულება, მათი შეხედულებიდან გამომდინარე - ეს არ არის ამერიკის მთავრობა, არც ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის მთავრობა, ანუ, ყველაზე გავლენიანი ვინც არის დასავლეთში, ისინი არ არიან, აბა ვინ არიან? ვიღაცები არიან ბნელ ოთახში, სახე არ უჩანთ და მართავენ მთელს მსოფლიოს - ეს ახლა ლოგიკურია? რას ამბობენ, რომ არსებობს რაღაც ძალა, რომელიც სახელმწიფო არ არის? სერიოზულ საზოგადოებაში ეს რომ ვინმემ თქვას, დასცინებენ, როცა ამას რიგითი პოლიტიკოსი ამბობს - უბედურებაა და როცა მმართველი ამბობს და თან ამის სჯერა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაშია ქვეყანა. მართლა უხერხულ სიტუაციაში ვართ და ყველა გვიყურებს ახლა, ხომ წარმოგიდგენიათ, ჩვენ როგორ ვჩანვართ ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები, რომ ავირჩიეთ ეს ადამიანები, რომლებიც ასე მსჯელობენ?!
ამათმა იციან თურმე, ვინ ესროლა დონალდ ტრამპს და რობერტ ფიცოს, ყოჩაღ, ყველაფერი სცოდნიათ, სად რა ხდება. თუ ასეთი მაგრები არიან და ასეთი სპეცსამსახურები ჰყავთ, რომ ამერიკამ არ იცის ვინ ესროლა ტრამპს, ვინ დგას ამის უკან და ამათმა იციან, დროის მანქანაც ხომ არ ჰყავთ?!“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.