ლატალში მოსახლეობამ სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვას მოთხოვნით გზა გადაკეტა
სოფელ ლატალში მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ისინი დაკარგული ორი ახალგაზრდის სამაშველო ღონისძიებაში ვერტმფრენისა და სითბური დრონების ჩართვას ითხოვენ.
ერთ-ერთი დაკარგულის გიორგი ფარჯიანის ახლობელი, ანა წერედიანი „რეაქციაში“ ამბობს, რომ ოჯახი დახმარებას ითხოვს.
ახლა, როგორც გავიგე, გადაიკეტა გზა სოფელ ლატალში, საიდანაც არიან ახალგაზრდები, მათი მოთხოვნა არის, რომ ჩაერთოს ვერტმფრენი, სითბური დრონები. პური და თხილი აქვთ წაღებული და მეექვსე დღეა, რომ დაკარგულები არიან, საერთოდ კვალს ვერ პოულობენ. აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ არ შეწყდეს ღამე ძებნა, სითბური, ღამის დრონებით დაიწყოს ძიება და ხვალ დილიდან განახლდეს უფრო მასშტაბური ძიება და მათ შორის გამოყენებული იქნეს სამაშველო ვერტმფრენები,“ - ამბობს ანა წერედიანი.
შეგახსენებთ, უკვე 5 დღეა სვანეთში ორ ახალგაზრდას ეძებენ - გოგიტა ფარჯიანთან და გიორგი გვიჩიანთან კონტაქტი ორშაბათის შემდეგ ვერ მყარდება. ისინი ზემო სვანეთიდან ლასილის უღელტეხილით, ქვემო სვანეთში, ლენტეხში გადადიოდნენ. მარშრუტი კვირას დაიწყო და წესით კვირასვე უნდა ჩასულიყვნენ, თუმცა ორშაბათს ახალგაზრდებმა ახლობლებს შეატყობინეს, რომ გზა აებნათ. მას შემდეგ მათი ადგილსამყოფელი უცნობია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 112-ში შეტყობინება გუშინ, 24 ივლისს შევიდა და მეორე დღეა ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც უწყება განმარტავს, ვერტმფრენი ამინდის გამო სამუშაოებში ვერ ერთვება.