ჩიქოვანი თავდაცვის ბიუჯეტის 100 მილიონი ლარით გაზრდაზე: ეს რესურსი, პირველ რიგში, მიემართება კონკრეტული თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად
პირველ რიგში, როგორც აღვნიშნე აქამდე, თავდაცვის მიმართულება ეს არის პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს და ამის გამოხატულება არის ის, რომ ჩვენ წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და რა თქმა უნდა, გავაუმჯობესოთ ის სოციალური პირობები, რომელიც აქვს ჩვენი თავდაცვის ძალების მესვეურებს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვის ბიუჯეტის 100 მილიონი ლარით გაზრდასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ეს რესურსი, პირველ რიგში, მიემართება კონკრეტული თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, გარკვეული რესურსი ასევე მიემართება სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით.
„გვაქვს ასევე რამდენიმე საკითხი, რომელიც არის მნიშვნელოვანი პროექტები, მნიშვნელოვანი გეგმები, რომლებიც უკავშირდება არა მხოლოდ 2024-ს, არამედ, გრძელვადიანია. ამ საკითხებთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა გვაქვს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს მთავრობასთან.
გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ამ გუნდთან მუშაობა, რომელსაც ძალიან კარგად ესმის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მნიშვნელობა და იმ რესურსების მიმართვის, რომელიც მიემართება ასევე ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცრების სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად. იქნება გარკვეული სიახლეებიც, რომლებიც უკავშირდება 2025 წელსაც და უფრო გრძელვადიან პერიოდს“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.