ბარაკ და მიშელ ობამებმა არჩევნებში კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარდაჭერა გამოუცხადეს
აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და ყოფილმა პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ 2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში კამალა ჰარისის ბარაკ და მიშელ ობამასთან გამართული სატელეფონო საუბარი ჩანს, რომელშიც ისინი ჰარისს მხარდაჭერას უცხადებენ, ხოლო ვიცეპრეზიდენტი მათ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
"მიშელი და მე შენი მხარდაჭერით მეტად ამაყები ვერ ვიქნებოდით და რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვო და ოვალურ ოფისში მოხვდე". - ამბობს ბარაკ ობამა ჰარისთან სატელეფონო საუბრისას.
თავის მხრივ, მიშელ ობამა ამბობს, რომ იგი ჰარისით ამაყობს და მოელის, რომ ეს არჩევნები "ისტორიული" იქნება.