The Times: ბრიტანეთი შორი მოქმედების რაკეტების შემუშავებაზე ფიქრობს, რომლებიც რუსეთის ბირთვული იარაღის განადგურებას შეძლებს
დიდი ბრიტანეთი შორი მოქმედების რაკეტების შექმნის შესაძლებლობას განიხილავს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიიდან გაშვებული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განადგურებას შეძლებს. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Times წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ასეთი რაკეტების შექმნაზე ლონდონი ბერლინთან ერთად ფიქრობს. რაკეტების განთავსება სწორედ გერმანიის ტერიტორიაზე იგეგმება, სადაც 2026 წლიდან ამერიკული რაკეტები გამოჩნდება. წყაროს ცნობით, ამერიკული შეიარაღება ერთგვარი გარდამავალი ეტაპი იქნება, სანამ ევროპა საკუთარ რაკეტებს არ შეიმუშავებს. ამასთან, ცნობილია, რომ ბრიტანული რაკეტების მოქმედების რადიუსი 3 200 კილომეტრი იქნება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ შეიარაღების საერთო წარმოების შესახებ შეთანხმებას საფრანგეთმა, იტალიამ, პოლონეთმა და გერმანიამ მიაღწიეს. The Times-ი წერს, რომ ამ შეთანხმებასთან შეერთების შესახებ ლონდონთან მოლაპარაკებებს ბერლინი აწარმოებდა, რაც საბოლოო ჯამში წარმატებით დასრულდა.
თუმცა, ბრიტანულმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ მხარეებმა სხვადასხვა ვარიანტი განიხილეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდნენ. წყარომ აღნიშნა, რომ ბრიტანეთს არ გადაუწყვეტია შეუერთდება თუ არა ორმხრივ ან მრავალმხრივ პარტნიორობას.