„ეს უნდა შეწყდეს“ - კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია მხარეებს ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ
კანადამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ მოუწოდეს ისრაელს და „ჰამასს“ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი ღაზაში პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად. ნათქვამია სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნულ, ღაზაში ვითარება კატასტროფულია, ადამიანის ტანჯვა მიუღებელია და ეს აღარ უნდა გაგრძელდეს.
მათ მიაჩნიათ, რომ „ჰამასმა“ უნდა დადოს იარაღი და გაათავისუფლოს ყველა მძევალი. თავის მხრივ, ისრაელმა უნდა მოუსმინოს საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას.
კერძოდ, კანადამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა უმთავრესი მნიშვნელობისაა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნაა.
„ეს უნდა შეწყდეს. სასწრაფოდ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სამივე ქვეყანა სრულად უჭერს მხარს ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც ჩამოყალიბდა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ და დამტკიცებულია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ.
„ჩვენ მოვუწოდებთ კონფლიქტის მხარეებს დაეთანხმონ ამ შეთანხმებას. ნებისმიერი შეფერხება მხოლოდ ახალ დანაკარგებს გამოიწვევს“, - აცხადებენ დიპლომატები.
გარდა ამისა, ქვეყნებმა განაცხადეს, რომ მზად არიან იმუშაონ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისკენ, სადაც ისრაელელებს და პალესტინელებს შეუძლიათ უსაფრთხოდ იცხოვრონ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ვიზიტის დროს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეხვედრა გამართა ბაიდენთან. მოლაპარაკებების დროს მხარეებმა განიხილეს ღაზაში ცეცხლის ადრეული შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლების საკითხი. აშშ-ის პრეზიდენტმა შეთანხმების რაც შეიძლება მალე გაფორმებისკენ მოუწოდა.