ცნობილია, კახეთში 24 წლის გოგოს სავარაუდო გამტაცებლის ვინაობა, თუმცა მისი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა - ახალი დეტალები (ვიდეო)
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდან 24 წლის ქალი გაიტაცეს. მისი ადგილსამყოფლის დადგენას სამართალდამცავები ამ დრომდე ცდილობენ. ოჯახი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა და უწყებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
კამერების ჩანაწერებით დგინდება, რომ ქალი ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, ხელი ჰკრეს ბებიას, რომელიც შვილიშვილის დახმარებას ცდილობდა. გამტაცებლებმა გოგო თავდაპირველად სოფელ ყარაჯალას მიმართულებით წაიყვანეს. ოჯახმა ამ სოფელში ნახა ავტომობილი, რომლითაც გამტაცებლები გადაადგილდებოდნენ.
გოგოს ოჯახი ამბობს, რომ გამტაცებელი 24 წლის კაცია, რომელიც სოფელ კაბალში ცხოვრობს.
"ჩემი ქალიშვილის პოვნას და მისი გამტაცებლების დასჯას ვითხოვ. გუშინ ჩემი შვილი საკუთარი მანქანით წავიდა ბაბუასთან სახლში მის მოსანახულებლად, ერთი-ორი საათი გაჩერდა იქ. შემდეგ ნათესავებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ჩემი შვილი "მერსედესის" მარკის მანქანით გაიტაცეს. კამერებში ჩანს, რომ ეს მანქანა ყარაჯალაშია შესული, პოლიცია ეძებს, მაგრამ ჯერ ვერ პოულობენ", - ყვება მამა.