საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირი შეშფოთებას გამოხატავს - ასუნსიონ სანჩეს რუისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ასუნსიონ სანჩეს რუისმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთება გამოთქვა.
როგორც ევროპელი დიპლომატი ჟურნალისტებთან საუბრის დროს აცხადებს, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის სრული რეგრესის მაჩვენებელია.
ასუნსიონ სანჩეს რუისი ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, "უარი თქვას ამ ტენდენციაზე".
დღევანდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახსნა, მათი აზრით, თუ რა წარმოადგენს პროგრესს ცხრა ნაბიჯის განხორციელების კუთხით, რომელიც კომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შარშან, საკუთარ რეკომენდაციაში გამოყო.
შეხვედრაზე ჩვენ საბჭოს დასკვნები აღვნიშნეთ, რომელიც ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ 27 ივნისს მიიღო და რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთებას გამოხატავს, განსაკუთრებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის უკანდახევას ნიშნავს, საფრთხეს უქმნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და როგორც ლიდერებმა განაცხადეს, მათ ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ ეს ტენდეცია შეცვალოს, რომელიც დე ფაქტო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს.
როგორც უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, ეს იყო ოფიციალური სიტყვა, ჩვენ გადავდეთ, გავყინეთ 30 მილიონი, ევროპული სამშვიდობო ფონდიდან, ასევე, შევამცირეთ მაღალი დონის შეხვედრების რაოდენობა, მთავრობისთვის ჩვენი დახმარების გადახედვას ვაწარმოებთ და ამას შემდგომი განცხადებები მოჰყვება.
ევროკავშირი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოხატა. ჩვენ ვმუშაობთ იმ ქართველებისთვის, რომელთაც ამ ქვეყნის ევროკავშირში ხილვა სურთ. ასევე, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალი არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული იქნება“, - აღნიშნა ასუნსიონ სანჩეს რუისმა.