23 წლის სერფერმა ზვიგენის თავდასხმის შედეგად ფეხი დაკარგა
ავსტრალიაში, 23 წლის სერფერს, კაი მაკკენზის 3-მეტრიანი თეთრი ზვიგენი წინა კვირას დაესხა თავს, რის შედეგადაც მან ფეხი დაკარგა. ექიმები ქვედა კიდურის მიკერებას აპირებდნენ, თუმცა სერფერმა დაადასტურა, რომ მათ ეს ვერ შეძლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაკკენზი, ნიუ საუს ველსში, მაკქუარის პორტის მახლობლად სერფინგით იყო დაკავებული, რა დროსაც მას ზვიგენი დაესხა თავს და ფეხი დაკარგა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სერფერმა სანაპიროზე გამოსვლა თვითონ შეძლო, სადაც მას პოლიციის ოფიცერი დაეხმარა და პირველადი დახმარება გაუწია. ექიმების განცხადებით, სერფერის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მათი განმარტებით, პოლიციელმა ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინა.
მოგვიანებით, ზვიგენის მიერ მოჭმული ფეხი ადგილობრივებმა იმავე სანაპიროზე გამორიყული იპოვეს. მამაკაცის ქვედა კიდური დაუყოვნებლივ ყინულში მოათავსეს.