„ჩვენი საზოგადოება ავად არის, ჩვენ ყველანი, თითქმის ყველანი ავად ვართ“ - ლევან ლორთქიფანიძე
პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:
ჩვენი საზოგადოება ავად არის, ჩვენ ყველანი, თითქმის ყველანი ავად ვართ.
შეუძლებელია ჯანსაღი უწოდო საზოგადოებას, რომლისთვისაც უმცირესი უბრალო მიზეზიც კი საკმარისია ორად გაყოფისთვის, მესამე, მეოთხე პოზიციის ძირფესვიანად ამოძირკვისთვის, ორ პოლუსს შორის უმძიმესი დაპირისპირების გაღვივებისათვის.
შეუძლებელია ჯანსაღი უწოდო საზოგადოებას, სადაც ყოველი მეორე, საშუალოდ განათლებული ან სულაც სრულიად გაუნათლებელი ადამიანი პრეტენზიას აცხადებს აბსლუტურ ჭეშმარიტებაზე და ჯვაროსნულ ომს უცხადებს მოწინააღმდეგეს.
ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც რომელიღაც ნათელმხილველის მიერ დაარსებული რუსული ვებგვედიდან ამოკითხული სტატიის საფუძველზე ადამიანებმა შესაძლებელია საქმის ნამდვილი პროფესიონალს ჭკუა ასწავლონ. საქართველო ქვეყანაა, სადაც იდიოტებს რომელიღაც მემილიონეხარისხოვანი დასავლური უნივერსიტეტის დიპლომის გამო თავი გენიოსი ჰგონიათ და ყველას ზემოდან უყურებენ, თანამემამულეები ჭუჭყად მიაჩნიათ.
ჯანსაღი არ არის საზოგადოება, რომელსაც წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს, რომელიც კი არ გისმენს, არამედ თავისი აბსურდული რწმენა-წარმოდგებებისა და წინასწარი განზრახვის საფუძველზე პირდაპირ გაბრალებს სიგიჟეს, რომელიც არასდროს მოგსვლია თავში.
ნორმალურ საზოგადოებაში ასეთი აგრესია არ გროვდება. ამასწინად მიმანიშნეს და ხშირად ვფიქრობ ამაზე... სისასტიკე მხოლოდ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ხომ არ გამოიხატება? ეს მასობრივი ლაშქრობები, დაუნდობელი ლანძღვა-გინება, სხვისი დამცირებისა და შეურაცხყოფის დაუოკებელი სურვილიც ხომ სისასტიკეა. ხანდახან ისეთი ადამიანი ავლენს ასეთ სისასტიკეს, თან წარბშეუხრელად, რომ თავზე გენგრევა ყველაფერი ...
ავად ვართ, რადგან ამ ქვეყანაში თავმდაბლობა დაჩაგრული და გათელილია, ყველა დონეზე...
ავად ვართ, რადგან ორმაგი სტანდარტი გვახჩობს, მტერს მეგობრად მოვიხსენიებთ, მეგობრებს მტრად ვაცხადებთ, აგვისტოს ომს დასავლეთს ვაბრალებთ, რუსეთის შესახებ ხმას არ ვიღებთ...
ავად არ არის საზოგადოება, რომელიც ქრება, იცლება, სიღარიბეში ინთქმება, და თან სხვა ქვეყნების დაისს დასცინის ნიშნისმოგებით.
და ა.შ.
კიდევ რამდენი რამ შეიძლება ჩამოითვალოს...
სანამ დროა დავამუხრუჭოთ და უმცირესი პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ თავზე:
იქნებ ყველამ ყველაფერზე არ გამოვთქვათ ჩვენი აზრი!
იქნებ უარი ვთქვათ ადამიანებისთვის საჯაროდ პირადი შეურაცხყოფის მიყენებაზე...
იქნებ აგრესიის, დაცინვისა და დამცირების გარეშე მოვუსმინოთ ერთმანეთს.
თუ არადა, გააგრძელეთ და ჭამეთ ერთმანეთი... ჩემი სანათლის პატარა ცეცხლს ეს ტალღები მაინც ვერაფერს დააკლებს - წერს ლევან ლორთქიფანიძე.