ბოჭორიშვილი: უნგრეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტია ასევე, რომ ყველა კანდიდატ ქვეყანასთან ამ პერიოდში იყოს გარკვეული პროგრესი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა შეაჯამა შეხვედრები ბუდაპეშტში, სადაც ევროკავშირის ევროპულ საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელებმა უნგრეთის დედაქალაქში კანდიდატებთან ერთად ევროპის მომავალზე, გაფართოების შემდეგ ტალღაზე იმსჯელეს და ახალი წევრების მიღებისთვის მზადყოფნის აუცილებლობას უსაფრთხოებისთვის ინვესტიცია და გეოპოლიტიკურად ყველაზე სწორი ნაბიჯი უწოდეს.
„მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირის უნგრეთის თავმჯდომარეობის მთავარი პრიორიტეტი არის გაფართოება. უნგრეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტია ასევე, რომ ყველა კანდიდატ ქვეყანასთან ამ პერიოდში იყოს გარკვეული პროგრესი გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში, რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიმართებაშიც. ეს იყო სულისკვეთება ყველა გამოსვლის, რომელიც ჩვენ უნგრული მხრიდან მოვისმინეთ. რა თქმა უნდა, გაიმართა დებატები. შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი სულისკვეთება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის იგივეა. იმისთვის რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი წარმატებული იყოს, უნდა იყოს დიალოგი ყველა კანდიდატ ქვეყანასთან“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოსვლის გარდა კოლეგებს ესაუბრა. დღეს ინტეგრაციაზე მსჯელობა საგარეო და ვაჭრობის საკითხებში უნგრეთის სახელმწიფო მდივანთან გაგრძელდება.