FBI-ი ტრამპს მისი მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით გამოკითხავს
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI-მ) განაცხადა, რომ აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი დათანხმდა, მისი მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით მსხვერპლის სტატუსით გამოიკითხოს.
ტრამპთან ინტერვიუ იქნება „სტანდარტული მსხვერპლის ინტერვიუ, რასაც გავაკეთებდით დანაშაულის ნებისმიერი სხვა მსხვერპლისთვის ნებისმიერ სხვა გარემოებებში. გვსურს, გავიგოთ მისი პერსპექტივა იმასთან დაკავშირებით, რაც მან დააფიქსირა“, - განაცხადა FBI-ის სპეციალურმა აგენტმა, კევინ როჟეკმა.
როგორც დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში თქვა, ინტერვიუ ხუთშაბათს (1 აგვისტოს) შედგება.
შეგახსენებთ, 13 ივლისს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში ამომრჩევლებთან მართავდა შეხვედრას, რა დროსაც, სროლა ატყდა. შედეგად, შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
მალევე ცნობილი გახდა, 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი, რომელმაც ხალხის მიმართულებით გაისროლა, გაანეიტრალეს.
რაც შეეხება დონალდ ტრამპს, მან ყურზე მიიღო ზედაპირული დაზიანება და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ დამუქრებია.
FBI-ის ცნობით, თავდასხმის მოტივი ამ დრომდე გაურკვეველია.