პოლიცია 4 გამტაცებელს ეძებს - რა ჩვენება მისცა გატაცებულმა სტუდენტმა პოლიციას?
სამძებრო ოპერაცია მთელს საქართველოში - პოლიცია 24 წლის გოგოს გატაცებაში ბრალეულებს ეძებს, თუმცა 30 საათზე მეტია, ვერ პოულობს. ოთხი შეიარაღებული თავდამსხმელი მიმალვაშია.
გუნელ გასანოვა სამართალდამცავებმა ერთ-ერთ სოფელში იპოვეს. სოფელ კაბალიდან გატაცებულმა სტუდენტმა პოლიციას ჩვენება უკვე მისცა. ქალმა თქვა, რომ მას მთელი ღამის განმავლობაში გამტაცებლები იარაღის მუქარით, მოკვლით ემუქრებოდნენ.
როგორც გოგოს ახლობლებმა განაცხადეს, გუნელ გასანოვა გამტაცებლების წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას აპირებს.
ირკვევა, რომ გამტაცებლებმა გოგო თავდაპირველად სოფელ ყარაჯალას მიმართულებით წაიყვანეს. ოჯახმა სწორედ ამ სოფელში მიაგნო ავტომობილს, რომლითაც გამტაცებლები გადაადგილდებოდნენ.
გოგოს ოჯახის ინფორმაციით, გამტაცებელი 24 წლის კაცია, რომელიც სოფელ კაბალში ცხოვრობს. მოტაცების მიზანი კი იძულებით ცოლად შერთვაა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.