"საავადმყოფოს კამერების ჩანაწერები მიზანმიმართულადაა წაშლილი, მტკიცებულებები გაანადგურეს" - 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. ოჯახის განცხადებით, ექსპერტიზიდან მიიღეს პასუხი, რომ წაშლილია კლინიკის კამერების ვიდეო ჩანაწერები. უფლებადამცველები საქმის მიზანმიმართულად გაჭიანურებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სამედიცინო ექსპერტიზის პასუხები ოჯახს ამ დრომდე არ აქვს.
გარდაცვლილი ბიჭის მამა ამბობს, რომ მტკიცებულებები კლინიკის წარმომადგენლებმა მიზანმიმართულად გაანადგურეს.
"გოფოძემ მომაწოდა სიცრუე მითხრა იმასთან დაკავშირებით, რომ არ ხდებოდა აღნიშნული ჩანაწერები და ვერ მოგაწვდითო. სინამდვილეში, ექსპერტიზამ დაადგინა სხვაგვარად, დაადგინა ის გარემოება, რომ თურმე იწერებოდა, მაგრამ მიზანმიმართულად არის წაშლილი აღნიშნული სათვალთვალო კამერები.... მიზანმიმართულად გაანადგურეს მტკიცებულებები კლინიკის წარმომადგენლებმა", - ამბობს გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა.
ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ არ აქვთ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც იტყვის, რა კავშირი აქვთ მედიცინის მუშაკებს დამდგარ შედეგთან. მისი თქმით, ამ მიმართულებით არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება.
"როდესაც სამი წელი მინიმუმ ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით, საუბარი ზედმეტია რაიმე სახის მართლმსაჯულებაზე. ჩვენ ველოდებოდით ორ მნიშვნელოვან დასკვნას, ერთი დასკვნა ეს არის კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა უკვე დასრულებულია და შედგები არის უარყოფითი, იმ კუთხით, რომ ეს ჩანაწერები არის განადგურებული", - თქვა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2022 წლის სექტემბერში დაიღუპა. ექიმებმა მიზეზად კორონავირუსი დაასახელეს, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს, ახალგაზრდას ვირუსი უკვე დამარცხებული ჰქონდა.
ოჯახმა დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარა, რითაც დადგინდა, რომ 20 წლის ბიჭის გარდაცვალება ზედოზირებამ გამოიწვია. საქმის მასალებით დგინდება, რომ პაციენტს 20 დღის განმავლობაში 530 ამპულაზე მეტი ფენტანილი და მიდაზოლამი გაუკეთეს, რაც ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით სასიკვდილო დოზაა.
საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს პატიმრობა შეეფარდა. მას გამოძიება დოკუმენტების გაყალბებას ედავება.