ბოლო წლებში, რაიმე რეალური ეროვნული უსაფრთხოების რისკის რეალიზება არ მომხდარა ამ ქვეყანაში და ეს არის მთლიანად ჩვენი უსაფრთხოების სისტემის დამსახურება - შალვა პაპუაშვილი
მიმდინარე გამოძიების დეტალები არის სუსის საქმე, თუმცა იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შექმნილია ზოგადად მსოფლიოში, იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რომელზეც ყოველ ჯერზე ამბობენ, რომ შემთხვევითი იყო, რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევითობების ჩვენ არ უნდა გვჯეროდეს. კრიტიკული უნდა ვიყოთ ამ შემთხვევითობების მიმართ. როგორც ჩანს, არსებობს სუსში სარწმუნო მონაცემები და ამიტომ მნიშვნელოვანია ამ საქმის ბოლომდე ჩაყოლა, - სუსში მიმდინარე გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მოწყობის საქმეზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეაფასა.
"პლენარულ სხდომაზე, დახურულ კარს მიღმა განხილულ სუსის ხელმძღვანელის ანგარიშში არის ხოლმე ამაზე საუბარი, უფრო მეტ დეტალებზე. ერთი რამ უნდა ითქვას, რეგიონში, რომელშიც ჩვენ ვართ, გავიხედოთ გარშემო და დავხედოთ რუკას - საქართველო ფაქტობრივად ცეცხლის რკალშია მოქცეული. სადაც არ უნდა გაიხედო ომი, კონფლიქტი, დაძაბულობაა. მათ შორის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ჩათვლით, სადაც ორ რეგიონში უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარი არის განთავსებული. ამ პირობებში, ბოლო წლებში, რაიმე რეალური ეროვნული უსაფრთხოების რისკის რეალიზება არ მომხდარა ამ ქვეყანაში. ეს არის მთლიანად ჩვენი უსაფრთხოების სისტემის დამსახურება, მათ შორის სუსის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.