მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საერთაშორისო არბიტრაჟმა პოლიტიკური „სასიკვდილო გასროლა“ გაუკეთა - ირაკლი ზარქუა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავაზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, საერთაშორისო არბიტრაჟმა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პოლიტიკური "სასიკვდილო გასროლა“ გაუკეთა.
"მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საერთაშორისო არბიტრაჟმა პოლიტიკური „სასიკვდილო გასროლა“ გაუკეთა, სადაც თქვა, რომ შენი ბრალი იყო. მილიარდ ნახევარს სთხოვდა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან. ქართველი ხალხი არჩევნებზე იმ სამ პროცენტ შანსსაც დააკარგვინებს, რაც ახლა აქვთ. იმიტომ, რომ არავის ეპატიება ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის და მისი პროექტების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო.
იმავე დღეს, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.