საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
დიდად ვწუხვართ საფრანგეთში ოლიმპიადის გახსნის დროს ნაჩვენები გარკვეული სცენების გამო, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საპატრიარქო უერთდება მკრეხელური დადგმებით გამოწვეულ საერთო აღშფოთებას.
"დიდად ვწუხვართ საფრანგეთში ოლიმპიადის გახსნის დროს ნაჩვენები გარკვეული სცენების გამო და ვეთანხმებით მსოფლიო საპატრიარქოს განცხადებას, სადაც, სხვა მნიშვნელოვან აქცენტებთან ერთად, აღნიშნულია შემდეგი: „ძალიან სამწუხაროა, რომ … პარიზში, ჩვენ მოწმენი გავხდით ქრისტიანობისა და წმინდა სახარების შეურაცხმყოფელი წარმოდგენებისა, რაც, ასევე, შეურაცხყოფდა ყველა ცივილიზებულ ადამიანს, რომელიც აღიარებს რწმენის უფლებას და პატივს სცემს რელიგიურ სიმბოლოებს“.
ჩვენც, ჩვენის მხრივ, ვუერთდებით საერთო აღშფოთებასა და გულისტკივილს, გამოწვეულს მკრეხელური დადგმებით, რამაც საზეიმო გახსნა ზოგადადამიანური ღირსების შეურაცხყოფად და ლგბტ+ იდეოლოგიის პროპაგანდად აქცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გახსნის ცერემონიაზე მსოფლიო ისეთი სცენების მომსწრე გახდა, რომლებიც შეურაცხმყოფელია ქრისტიანობისა და წმინდა სახარებისთვის, ასევე ყველა ცივილიზებული ადამიანისთვის, რომელიც აღიარებს რწმენის უფლებას, პატივს სცემს რელიგიურ სიმბოლოებს.