ერდოღანი: სიონისტური ბარბაროსობა მაინც ვერ მიაღწევს საწადელს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოციალურ ქსელს X-ში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობა დაგმო და აღნიშნა, რომ სიონისტური ბარბაროსობა თავის მიზანს მაინც ვერ მიაღწევს.
„მე მკაცრად ვგმობ თეირანში „ჰამასის“ პოლიტბიუროს თავმჯდომარის ისმაილ ჰანიეს მკვლელობას. ეს მკვლელობა, საზიზღარი აქტი პალესტინის საქმის, ღაზის ძლიერი წინააღმდეგობის, პალესტინელი ძმების წინააღმდეგ იყო მიმართული“, - წერს ერდოღანი და იქვე დასძენს, რომ სიონისტური ბარბაროსობა თავის მიზანს მაინც ვერ მიაღწევს.
თურქეთის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ისლამური სამყაროს მკაფიო პოზიციისა და კაცობრიობის ერთიანობის წყალობით „ისრაელის მიერ ჩადენილი ტერორი“ აუცილებლად შეჩერდება და რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს.
ის აღნიშნავს, რომ თურქეთი გააგრძელებს პალესტინელების მხარდაჭერას მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით და პალესტინის სუვერენული სახელმწიფოს შექმნაზე იმუშავებს.
„ჰამასის“ ლიდერი თეირანში გვიან ღამით მოკლეს. ის ირანის დედაქალაქში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე იყო ჩასული. წინასწარი ინფორმაციით, სახლს, სადაც ჰანიე იყო დაბინავებული, მართვადი რაკეტა მოხვდა.