აშშ-ის სენატში საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი მოსმენა გაიმართა
მორიგი კრიტიკული განცხადებები და გზავნილები საქართველოს მისამართით ამერიკის სენატიდან. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სენატორმა ჯინ შაჰინმა და სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა, ისაუბრეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და გააკრიტიკეს საქართველოს საგარეო პოლიტიკა. საუბარი იყო სანქციებთან დაკავშირებითაც.
„ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს გამო, მისი უკუსვლის გამო, უცხოეთის აგენტების დამტკიცების გამო, რომელიც რუსული კანონის ანარეკლია. მათ ეს გააკეთეს ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად. შეერთებული შტატების მთავრობამ უნდა გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და დააწესოს ფინანსური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია კორუფციაზე და იმ ქმედებებზე, რომლებმა საქართველოში ეს სიტუაცია გამოიწვია“, - აღნიშნა შაჰინმა.
ო'ბრაიენმა ასევე განმარტა რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ „უკან დასაბრუნებლად“.
„საქართველოს მთავრობისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ჯერ კიდევ არსებობს უკან დასაბრუნებელი გზა. მათ შეუძლიათ ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, გახადონ უცხოელი აგენტების კანონი არა რუსულთან, არამედ ევროკავშირის კანონთან თავსებადი და არ ააშენებინონ ჩინეთს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი“, - განაცხადა ო'ბრაიენმა.