რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი დატოვეს
რუსმა მესაზღვრეებმა ოფიციალურად დატოვეს სომხეთის დედაქალაქ ერევნის საერთაშორისო აეროპორტი ზვართნოცი. ხუთშაბათიდან ზვართნოცის აეროპორტში რუსი მესაზღვრეები აღარ იქნებიან. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხური მედია წერს, რომ საჰაერო გამშვებ პუნქტზე სახელმწიფო საზღვრის დაცვის სომხური მხარისთვის გადაბარების შესახებ პროტოკოლს ხელი სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ნაწილების ძალების მეთაურმა, ედგარ უნანიანმა და სომხეთში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა რომან გოლუბიცკიმ მოაწერეს.
დოკუმენტში სომხური მხარე რუს მესაზღვრეებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მათ საქმიანობასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზიები არ გააჩნია.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, 6 მარტს სომხეთმა რუსეთს ოფიციალური წერილი გაუგზავნა ზვართნოცის აეროპორტში რუსი მესაზღვრეების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.
„საკითხი სამუშაო ხასიათისაა და არა პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური“, - განუცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებს აღნიშნულთან დაკავშირებით 12 მარტს.
სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება სომხეთში დისლოცირებული რუსეთის მესაზღვრეების სტატუსისა და მათი საქმიანობის პირობების შესახებ ჯერ კიდევ 1992 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა ერევანში.