თეგებით ძიება

ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება

ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა.

ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს, სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.

„მნიშვნელოვანია ამ სფეროში სანქციების გამკაცრება იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ეჭვი უკანონო ტყითსარგებლობის სხვადასხვა შემთხვევის არსებობასთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ მივიღოთ პრევენციული ზომები, მნიშვნელოვანია სანქციების გამკაცრება. ჩვენი გადაწყვეტილების შესაბამისად, სამინისტრომ მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას. ცვლილებები მომზადდა სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ცვლილებების თანახმად, სახერხი საამქროს მიერ რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევაზე მკაცრდება სანქცია. აქამდე იყო 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 1-დან 3 წლამდე განისაზღვრება ახალი სანქცია. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება ახალი, 287-ე სეკუნდა მუხლი, რომელიც ეხება სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხე-ტყის, იგივე მორის განთავსებას. ამ სამართალდარღვევისთვის მანამდე გათვალისწინებული იყო მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ახლა უკვე განისაზღვრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა - საუბარია 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთაზე. თუ დიდი ოდენობით ხდება მრგვალი ხე-ტყის უკანონოდ განთავსება, ამ შემთხვევაში 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა არის სანქციად გათვალისწინებული“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სანქციები ასევე მკაცრდება მერქნული მცენარის გაჩეხვასა და დამზადებაზე.

„ცვლილებებით ასევე დგინდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სახელმწიფო ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე მერქნული მცენარის დიდი ოდენობით უკანონო გაჩეხვისთვის და გათვალისწინებული იქნება 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე სანქციები მკაცრდება მრგვალი ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებაზეც. აქაც არის მკაცრი სანქცია - 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი უახლოეს დღეებში იქნება ინიცირებული პარლამენტში და საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

„ტყე არის ის, რასაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. ტყე არის ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული სიმდიდრე, რომელიც მომავალ თაობებს უნდა შევუნახოთ და სწორედ ამას ემსახურება ის პრევენციული ზომები, რომელიც დამუშავდა და შესაბამის კანონებში აისახება“, - აღნიშნა პრემიერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა