თქვენი და თქვენი მთავრობის მოქმედებებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის 95 მილიონი დოლარი დაიბლოკა - ვაშაძე პრემიერს
ირაკლი კობახიძე, მინდა, პირადად მოგმართო, თქვენი და თქვენი მთავრობის მოქმედებებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის 95 მილიონი დოლარი დაიბლოკა. ირაკლი, კითხვას გისვამ, აპირებ თუ არა, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადო. ვფიქრობ, ამაზეც პასუხი უნდა გასცეს, [ირანში] რომ ჩავიდა, ტაშს რას უკრავდა, ვისთან ერთად უკრავდა? - ამის შესახებ „ერთიანობას“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, პრემიერ-მინისტრის ირანში ჩასვლა და პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრება ანტიეროვნული ნაბიჯია.
„რუსული კანონი“ სულ უფრო და უფრო ძვირი უჯდება ჩვენს სახელმწიფოს. ერთი დღის მანძილზე 95 მილიონი დოლარი დაბლოკეთ, მეორე ხელი კი „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ლიდერებს ჩამოართვით, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ, რომლებიც აფხაზეთს და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობენ. ირაკლი, კითხვას გისვამ, აპირებ თუ არა, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადო. ერთი ხელით, 95 მილიონი დოლარი დაბლოკე, მეორე ხელი ჩამოართვი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის არამღიარებელ ორი კონკრეტული ორგანიზაციის ლიდერს, „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ლიდერებს, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებად არიან აღიარებული. არის თუ არა ეს ანტიქართული მოქმედება და აპირებ თუ არა, ამის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადო? კიდევ რამდენი უნდა დაუჯდეს საქართველოს რუსული კანონის მიღება, კიდევ რამდენად უნდა გაღარიბდეს ქართველი ხალხი ამ ანტიქართული ქმედების გამო? 95 მილიონი დოლარით მაგალითად, 10%-ით შეიძლებოდა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მომატება, ან შეიძლებოდა საპენსიო სესხების ჩამოწერა ყველა პენსიონერისთვის. აპირებ თუ არა, ბოდიში მოუხადოთ ქართველ ხალხს, რომ თქვენ იმ ადამიანებს ჩამოართვით ხელი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობენ, რომლებიც აფხაზეთს და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობენ. არის თუ არა, ეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან ანტიეროვნული ნაბიჯი და მეორე მხრივ, აპირებ თუ არა ბოდიში მოიხადო იმის გამო, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველო 95 მილიონ დოლარს არ მიიღებს. ვფიქრობ, ამაზეც პასუხი უნდა გასცეს, რომ ჩავიდა, ტაშს რას უკრავდა, ვისთან ერთად უკრავდა ტაშს?“, - განაცხადა ვაშაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, დახმარების შეწყვეტა, რომელიც ქართველ ხალხს მოაკლდება, რამდენად სწორია სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, ვაშაძემ უპასუხა, რომ „ეს პირდაპირ „ქართული ოცნების“ დანაშაულია“.
„მათ ძალიან კონკრეტულად თქვეს, იღებთ „რუსულ კანონს“? ჩვენ გადავხედავთ სტრატეგიულ პარტნიორობასო. თუ გვინდა ეს 95 მილიონი დოლარი და მასთან ერთად 14 მილიარდი ევრო მოვიტანოთ, 26 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ერთიანობით შევცვალოთ ეს ხელისუფლება და ნორმალური განვითარების გზას დავადგეთ“, - განაცხადა ვაშაძემ.