ბიძინა ივანიშვილს 2 კვირის წინ დადასტურებული კორონავირუსი გაურთულდა და ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის - "ქართული ოცნების" პრესსამსახური
„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ქართველ ოლიმპიელებს პარიზის ოლიმპიადაზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას ულოცავს.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახური განმარტავს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს 2 კვირის წინ დადასტურებული კორონავირუსი გაურთულდა და ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის, რის გამოც მისალოცი წერილის გამოქვეყნება დაგვიანდა. ამჟამად, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ჩვენს საამაყო ძიუდოისტებს, ტატო გრიგალაშვილს, ლაშა ბექაურს და ილია სულამანიძეს ვულოცავ ოლიმპიადაზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას.24 წლის ტატო გრიგალაშვილი უკვე სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, სამგზის ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონია. ტატოს ყველაფერი წინ აქვს და დარწმუნებული ვარ, შემდეგ ოლიმპიადაზე ოლიმპიური ჩემპიონიც გახდება. ლაშა ბექაური 24 წლის ასაკში უკვე ქართული ძიუდოს და ზოგადად, ქართული სპორტის ლეგენდაა. დარწმუნებული ვარ, ლაშა 3 წლის წინ გაცემულ პირობას ბოლომდე შეასრულებს და 4 წელიწადში მესამე ოლიმპიურ ოქროსაც მოიგებს. უდიდეს წარმატებას მიაღწია 23 წლის ილია სულამანიძემ პირველივე ოლიმპიურ თამაშებზე, თავად ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მესამე მედალი მოაგებინა. უფრო დიდი გამარჯვებები, მათ შორის შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე ილიასაც წინ ელოდება. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ოლიმპიელებს. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ არაერთი გამარჯვება გველის”, - ნათქვამია მისალოც წერილში.