აშშ-მ ვენესუელას არჩევნებში გამარჯვებულად ედმუნდო გონზალესი აღიარა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადუროს ოპონენტი და ოპოზიციის კანდიდატი ედმუნდო გონზალესი აღიარა.
"აბსოლუტური მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეერთებული შტატებისთვის და, რაც მთავარია, ვენესუელელი ხალხისთვის ნათელია, რომ ედმუნდო გონზალესმა ვენესუელას 28 ივლისის არჩევნებში ხმების უმრავლესობა მოიპოვა"- თქვა მიმდინარე კვირის ხუთშაბათს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, საარჩევნო საბჭოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგებით, ისევ მოიგო.
ვენესუელას ეროვნული საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის, ელვის ამოროსოს თქმით, რომელიც მადუროს ახლო მოკავშირეცაა, ბიულეტენების 80%-ის დათვლის შემდეგ, ხმათა 51.2% მადურომ, ხოლო 44.02% მისმა მთავარმა მეტოქემ, ედმუნდო გონზალეზმა მოიპოვა.
ვენესუელას ოპოზიცია შედეგებს არ ცნობს და ამბობს, რომ არჩევნები გაყალბებულია, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა გონზალეზმა სინამდვილეში ხმათა 70% მოიპოვა და გამარჯვებულიც სწორედ ისაა.
არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვებიც აჩვენებდა, რომ გონზალესისადმი ხალხის მხარდაჭერა მართლაც დიდი იყო.
ვენესუელაში სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.