თეგებით ძიება
02. 08. 2024 მსოფლიო

ბაიდენის განცხადებით, ჰანიეს მკვლელობა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელშემწყობი ფაქტორი ვერ იქნება

ჯო ბაიდენის თქმით, დაჯგუფება „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის მკვლელობა, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელშემწყობი ფაქტორი ვერ იქნება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციასაც არ გამორიცხავს, რადგან ირანმა ისმაილ ჰანიეს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა და შურისძიების პირობა დადო.

ბაიდენის თქმით, ის ამ საკითხზე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად, ტელეფონით ესაუბრა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელს თავდაცვის კუთხით მხარდაჭერის პირობა მისცა. ვაშინგტონი ისრაელზე ირანის საპასუხო ქმედებებისთვის უკვე ემზადება. ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ბაზების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას განიხილავს.

ისმაილე ჰანიე თეირანში მოკლეს. „ჰამასის“ წარმომადგენელი ირანში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იყო ჩასული. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა. „ჰამასმა“ მომხდარზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა, თუმცა ისრაელს მკვლელობასთან კავშირი არ უღიარებია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა