თეგებით ძიება

რა შემთხვევაში იყო შესაძლებელი შოვის და მდინარე ვერეს ტრაგედიების თავიდან აცილება - გეოლოგის განმარტება

გეოლოგმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ საქართველოში სტიქიური მოვლენების რისკებსა და მათი პრევენციის მექანიზმებზე რადიო „პალიტრას“ გადაცემაში ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სტიქიური კატასტროფების პროგნოზირება შესაძლებელია, თუ ქვეყანას ერთიანი გეოლოგიური სამსახური და მონიტორინგის თანამედროვე სისტემები ექნება.

„ჩემი აზრით, შოვის ტრაგედიაში გარემოს ეროვნული სააგენტოს ბრალი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამბობენ, რომ ჭკვიანები თავის შეცდომებზე სწავლობენ, სულელები – სხვის შეცდომებზე, ჩვენ კი სწავლა საერთოდ არ გვინდა. ეს ხომ პირველი ტრაგედია არ არის. იყო დევდორაკის, დარიალის ხობის ტრაგედია. ბოლოს და ბოლოს მდინარე ვერეს ტრაგედია. ჩვენ ვართ ცუგცვანგის მდგომარეობაში და გამომწვევებს დაგვიანებით ვპასუხობთ. მოხდება ერთი ტრაგედია და დავაყენებთ იქ მონიტორინგის სისტემებს, შემდეგ სხვაგან და ასე. მე მაშინაც ვეუბნებოდი პრემიერ-მინისტრს, რომ ეს არასწორი მიდგომაა, არასწორად ვპასუხობთ გამოწვევებს.

ბოლოს და ბოლოს, ასეთი გეოდინამიკურად საშიში ადგილი საქართველოში არის 7500-ზე მეტი. აბსოლუტურად წარმოუდგენელია ამდენივე ასეთი ტიპის დანადგარის დამონტაჟება და წარმოიდგინეთ, რომ ყველა მათგანიდან ინფორმაცია მოდის ერთ კომპიუტერში. მდინარე ვერეს ტრაგედიის თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო სხვა ტიპის მონიტორინგის სამსახური“,- აღნიშნა ალექსანდრე თვალჭრელიძემ.

მისი თქმით, გეოდინამიკურად აქტიური ადგილები, სხვა ქვყნებშიც ბევრია, მაგრამ იქ მსგავსი კატასტროფების პრევენცია ხდება.

„თქვენ რა გგონიათ, საფრანგეთის ან ამერიკის მთები არ არის გეოდინამიკურად აქტიური? მაგრამ ასეთი ტრაგედიები იქ არ ხდება, რადგან არსებობს კოსმოსური დაკვირვების სპეციალიზირებული სისტემა, რომელსაც ჩვენ არ ვნერგავთ.

ასეთი სისტემების დანერგვას სჭირდება სპეციალური გეოლოგიური სამსახური, მაგრამ ტრაგედია მარტო ამის ბრალი არ არის. ტრაგედია სიხარბის და შეიძლება კორუფციული გარიგებების შედეგიც არის.

მდინარის კალაპოტში არ შეიძლებოდა მშენებლობა. უფრო აღმოსავლეთით, სადაც არის მამისონის გადასასვლელი, იქ შესაძლებელია ყოფილიყო ადამიანი, მაგრამ, სადაც კოტეჯები იყო აშენებული, იქ მშენებლობა უნდა ყოფილიყო აკრძალული. ჩვენს წინაპრებს არ ჰქონიათ გეოლოგიური სამსახური, მაგრამ ჰქონდათ სიბრძნე და გამოცდილება. ვერ დამისახელებთ ძველ სოფელს, რომელიც მდინარის კალაპოტში არის აშენებული. ის პირველ ტერსასაზეც კი არ შენდება, მხოლოდ მეორე ტერასაზე შენდება“,– განაცხადა გეოლოგმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა