სააკაშვილის მაგინებელ ხალხს, ჩვენთან არაფერი ესაქმება - ბარამიძე ბოკერია-ჩერგოლეიშვილზე
მიხეილ სააკაშვილის მაგინებელ ხალხს, ჩვენთან არაფერი ესაქმება, - ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტების კითხვას, რამდენად რეალურია, რომ მათ პარტიაში სამომავლოდ გიგა ბოკერია ან თამარ ჩერგოლეიშვილი ვიხილოთ. როგორც ბარამიძემ აღნიშნა, გიგა ბოკერიას ან თამარ ჩერგოლეიშვილს არ აქვთ სწორი განწყობა და დამოკიდებულება საერთო ღირებულებებისადმი, ერთიანობისადმი და რაც მთავარია, მიხეილ სააკაშვილისადმი.
„ისინი არავის აღარ წარმოადგენენ. ისინი ალბათ, უფრო მათთვის სამწუხაროდ, ივანიშვილის გინებაზე მეტად მიხეილ სააკაშვილის გინებით არიან დაკავებული, რაც მათი მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, ყველა გაგებით არასწორი საქციელია. არ მიმაჩნია, რომ ასეთი განწყობის მქონე ადამიანების ჩვენს გაერთიანებაში მოსვლასთან დაკავშირებით რაიმე შანსი იყოს იმიტომ, რომ მათ არ აქვთ სწორი განწყობა და დამოკიდებულება საერთო ღირებულებებისადმი, ერთიანობისადმი და ყველაზე მნიშვნელოვანი - ივანიშვილის მთავარი ოპონენტი ლიდერისადმი, რომელიც დღეს საპატიმროშია. ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის მაგინებელ ხალხს, ჩვენთან არაფერი ესაქმება", - განაცხადა ბარამიძემ.