პაპუაშვილი: ჩვენ გვახსოვს შოვის მძიმე დღეები, გაერთიანებული საქართველო, დღეს მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას, ვინც ერთი წლის წინ ამ სტიქიას შეეწირა
დღეს აქ ჭირისუფლებთან ერთად, გლოლის მოსახლეობასთან ერთად, მთლიან საქართველოსთან ერთად ვართ და მივაგებთ მათ ხსოვნას პატივს, ვინც ერთი წლის წინ ამ სტიქიას შეეწირა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შოვში განაცხადა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილმა მაშველებს სტიქიის დროს გაწეული სამუშაოების გამო მადლობა გადაუხადა.
„ერთი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან. დღეს აქ ჭირისუფლებთან ერთად, გლოლის მოსახლეობასთან ერთად, მთლიან საქართველოსთან ერთად ვართ და მივაგებთ მათ ხსოვნას პატივს, ვინც ერთი წლის წინ ამ სტიქიას შეეწირა.
როგორც იცით, დაგეგმილია ამ ადგილზე მემორიალის აგება. ასევე, ეკლესიის აგება იმისთვის, რომ მათი სულის მოსახსენიებელი ადგილი იყოს და ამავე დროს, ადგილი, რაც კიდევ შესძენს ამ გარემოს დამატებით სულიერებას.
ჩვენ გვახსოვს მაშინ მძიმე დღეები. მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო ჩვენი მაშველების მუხლჩაუხრელი მუშაობა მაშინ. როგორც იცით, 33 ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას, ამას გარდა, ერთი პოლიციელი მირიან ჭელიძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენელი თემურ ხარჩილავა გარდაიცვალნენ მაშინ, ამ პროცესში, როდესაც ძებნის ღონისძიებები მიდიოდა.
გვახსოვს მაშინ გაერთიანებული საქართველო, ყველა როგორ ვგულშემატკივრობდით პროცესს. კიდევ ერთხელ მინდა ყველა მაშველს მადლობა გადავუხადო, რომელიც მაშინ მთელი აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში, ორ თვეზე მეტი აქ დაუღალავად შრომობდნენ იმისთვის, რომ იმ ოჯახებისთვის, რომლებიც საკუთარი ოჯახის წევრებს ეძებდნენ, ყველანაირი ნუგეში შეენარჩუნებინათ და ყველანაირად შესძლებოდათ შემდეგ, რომ მათ მათი შვილების, ოჯახის წევრების ნეშტი ჰქონოდათ, რომ დაესაფლავებინათ და დაეტირათ შესაბამისი ქრისტიანული წესით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.