თეგებით ძიება
04. 08. 2024 მსოფლიო

ამერიკელი მოგზაური თავისი გაკეთებული ჯვრით უკრაინაში ჩავიდა

ამერიკელი ჯიმი რაისი, რომელიც ფეხით მოგზაურობს და იესოს სტილს იცავს, უკრაინაში პოლტავას რეგიონს ეწვია. ის თან 25-კილოგრამიანი ჯვარს ატარებს, რომელიც თავად გააკეთა. რაისი ახლა ხარკოვისკენ მიემართება.

ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან (Suspilne Poltava) ინტერვიუში მოგზაურმა თავად ისაუბრა. ჯიმი რაისი უკრაინაში გასული წლიდან იმყოფება. აქ ის ვარშავიდან ჩამოვიდა, სადაც ადრე ცხოვრობდა.

„უკრაინაში ჩამოსვლა ძალიან მინდოდა. ის იყო პირველი უცხო ქვეყანა, რომელსაც ვესტუმრე და ამიტომ, აქ დაბრუნება მსურდა. თქვენ გაქვთ ის, რაც ჩვენ, შეერთებული შტატებში, მრავალი თვალსაზრისით, გვაკლია. ეს არის ოჯახი. თქვენ ოჯახში უფრო ახლოს ხართ ერთმანეთთან, ბევრად უფრო ახლოს. შეერთებულ შტატებში კი ძალიან რთულია ოჯახების შენარჩუნება“, - განუცხადა ჯიმი რაისმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს.

მოგზაური ამბობს, რომ თავს იესო ქრისტეს არ უტოლებს.

„ჩემს თავს იესოსთან სულაც არ ვაიგივებ. უბრალოდ, მინდა, ყველას ვაჩვენო, რომ იესო იმდენად ზრუნავდა ხალხზე, რომ სულ მათთან ახლოს იყო. იესო ქრისტესთან საკუთარი თავის იდენტიფიცირებისგან შორს ვარ, რადგან მასავით სრულყოფილი არ ვარ და ჩემი პრობლემები მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხალხი მაინც სიამოვნებით ადევნებს თვალს იმას, რასაც ვაკეთებ. მე მაქვს ჩემი მიზეზები, რატომაც ვიქცევი ასე. არის რაღაცეები, რასაც ცხოვრებაში ვეძებ და ჩემი ქმედებით არ ვაპირებ, სხვები რაღაცაში დავარწმუნო. ხანდახან მინდა, ჩემს თავს დავუმტკიცო რაღაცეები“, - დასძინა ჯიმიმ.

უკრაინაში ყოფნისას, ცეცხლის ქვეშ მოყვა. პირველად - ჟიტომირის ოლქის ქალაქ ზვიაგელში, შემდეგ - კიევში. ყველაზე მეტად ქალაქები, რივნე და ლუბნი მოეწონა. მისი თქმით, ჯვრით სიარული მძიმეა, ამიტომ, ყოველდღე ასე არ დადის.

„20 კილომეტრზე მეტს როცა გავდივარ, თავს საშინლად ვგრძნობ. მაგრამ არა მგონია, ეს ყველაზე დიდი საშინელება იყოს ცხოვრებაში. ვფიქრობ, ყველაზე ცუდი ის არის, რომ არ მაქვს ძალა, ვინმეს დავეხმარო. მე არ მაქვს იგივე ძალა, როგორიც იესოს. ცხოვრებაში ბევრი ტანჯვაა. როცა ადამიანები ხედავენ, როგორ ვიტანჯები, როდესაც ამ ჯვრით დავდივარ, შესაძლოა, უჩნდებათ განცდა, რომ მხოლოდ ისინი არ იტანჯებიან“.

ჯიმი რაისი ახლა ხარკოვისკენ მიემართება. თუმცა, მისი თქმით, ჯერ არ იცის, რომელი ქალაქი გახდება მისი მოგზაურობის ბოლო წერტილი.

1tv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა