ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს ისრაელის დახმარებას, რათა მოემზადოს ირანის მხრიდან მოსალოდნელი პასუხისთვის - ჯონ კირბი
ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს ისრაელის დახმარებას, რათა მოემზადოს ირანის მხრიდან მოსალოდნელი პასუხისთვის, მას შემდეგ, რაც თეირანში „ჰამასის“ ლიდერი მოკლეს, – ამის შესახებ მედიასთან თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ ისაუბრა.
კირბის თქმით, შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ სჯერა, რომ „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საუკეთესო გზაა ამ ომის დასასრულებლად“.
„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მზად ვართ და გვაქვს შესაძლებლობები რეგიონში, რათა შეგვეძლოს დავეხმაროთ ისრაელს თავის დაცვაში, ასევე დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი საკუთარი ობიექტები, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები“, – განაცხადა კირბიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერის თქმით, მისთვის უცნობია, როდის აპირებს ირანი საპასუხო რეაგირების მოხდენას, თუმცა დასძინა, რომ აუცილებელია შეერთებული შტატები ამ საკითხს სერიოზულად მიუდგეს.
ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაელ ჰანიე მოკლეს, ასევე განხორციელდა „ჰეზბოლას“ სამხედრო მეთაურის, ფუად შუქრის ლიკვიდაცია.
ირანული მხარე და დაჯგუფება „ჰამასი“ ისმაელ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და შურისძიების პირობას დებენ.