ისრაელი ირანზე პრევენციული დარტყმის შესაძლებლობას განიხილავს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების ძალების ხელმძღვანელებთან თათბირი გამართა. შეხვედრაზე, სახვა საკითხებთან ერთად, ირანზე პრევენციული დარტყმის შესაძლებლობა განიხილებოდა. ინფორმაციას Ynet ავრცელებს.
ეს ვარიანტი იმ შემთხვევისთვის განიხილება, თუ გაჩნდება სანდო სადაზვერვო ინფორმაცია, რომ კონკრეტულ ადგილას 100%-იანი ალბათობით ისრაელზე შეტევა იგეგმება.
ისრაელის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ქვეყანაზე დარტყმა თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის და ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრას განადგურების საპასუხოდ მოხდება. ჰანიეს მკვლელობაზე ისრაელი პასუხისმგებლობას არ იღებს.
გამოცემა Axios-ის ცნობით, აშშ-ში ვარაუდობენ, რომ ირანი ისრაელზე დარტყმას 5 აგვისტოს განახორციელებს.