კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს, სავარაუდოდ, ხვალ წარადგენს - Reuters
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და „დემოკრატიული პარტიის“ სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი კამალა ჰარისი არჩევნებისთვის ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურას, სავარაუდოდ, 6 აგვისტოს გამოაცხადებს, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში მთავარ კანდიდატებთან საუბრები გამართა. ამის შესახებ Reuters-ი ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
„ჰარისის გადაწყვეტილება შეიძლება ნებისმიერ დროს გამოცხადდეს, სამშაბათს [6 აგვისტოს] ფილადელფიაში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად მის პირველ საჯარო გამოჩენამდე, ვიდრე ისინი წინასაარჩევნოდ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საკვანძო შტატში მოგზაურობას დაიწყებენ“, - განუცხადეს წყაროებმა Reuters-ს.
როგორც გამოცემა წერს, ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევა დაასრულა მას შემდეგ, რაც თავის რეზიდენციაში სამ მთავარ კანდიდატთან მოლაპარაკებები გამართა, მათ შორის არიან მინესოტას გუბერნატორი ტიმ უოლცი, არიზონას სენატორი მარკ კელი და პენსილვანიის გუბერნატორი ჯოშ შაპირო.
ამასთან, წყაროების ცნობით, ვიცე-პრეზიდენტი ასევე შეხვდა ტრანსპორტის მდივანს, პიტ ბუტიჯიჯის და კიდევ რამდენიმე კანდიდატთან ონლაინ შეხვედრა გამართა. კანდიდატებს შორის არიან კენტუკის გუბერნატორი ენდი ბეშიარი და ილინოისის გუბერნატორი ჯ.ბ პრიცკერი.
ჰარისი შეხვდა თავის „შემოწმების გუნდს“, მათ შორის ყოფილ გენერალურ პროკურორს, ერიკ ჰოლდერს, რომლის იურიდიული ფირმა Covington & Burling LLP ამოწმებდა პოტენციური კანდიდატების ფინანსებსა და წარსულს. ჰოლდერმა და მისმა ოფისმა თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით სიღრმისეული კვლევა განახორციელეს.
„ჰარისი აწონ-დაწონის გადაწყვეტილებას მეუღლესთან, დაგლას ემჰოფთან, სიძესთან, ტონი უესტთან, დამხმარეებისა და მრჩეველთა მცირე წრესთან ერთად“, - აცხადებენ წყაროები.